ISW: რუს სამხედროებს სულ უფრო მეტად აშფოთებთ უკრაინელების წინსვლა სამხრეთში
23/08/2023 06:41:50 მსოფლიო
რუსული ძალები შეაშფოთა უკრაინის ბოლო წინსვლამ დონეცკისა და ზაპოროჟიის რეგიონების საზღვარზე და ზაპოროჟიის რეგიონის დასავლეთით, – იუწყება ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
"2022 წლის ნოემბრის, 2022 წლის დეკემბრისა და 2023 წლის აგვისტოს სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვნად დააჩქარეს თავდაცვის სიმაგრეების გაფართოება კრასნოსელოვკას მახლობლად (ველიკაია ნოვოსელკადან სამხრეთ-დასავლეთით 38 კმ და ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 27 კმ-ში) გასული თვის განმავლობაში",– ნათქვამია შეტყობინებაში.
ანალიტიკოსები ასევე ციტირებენ უკრაინელ პოლკოვნიკს პეტრო ჩერნიკს, რომელმაც განაცხადა, რომ შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეაღწიონ ჩრდილოეთ აზოვის რეგიონში, მოარღვიონ რუსეთის პოზიციები სამხრეთ უკრაინასა და ოკუპირებულ ყირიმში და რომ რუსული ჯარები აძლიერებენ პოზიციებს პერეკოპის ყელში (დაახლოებით 160 კმ-ში სევასტოპოლიდან ჩრდილოეთით), ამ რაიონში თავდაცვის სამი ხაზს აშენებენ.
„ჩერნიკმა ივარაუდა, რომ რუსული ჯარები არ შექმნიდნენ დამატებით თავდაცვას, თუ დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ შეძლებდნენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას პერეკოპის ყელში. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა შექმნეს ოთხი „ჯგუფი“ ყირიმში უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებლად და აღნიშნა, რომ ეს აქამდე არ მომხდარა",– ნათქვამია მოხსენებაში.
დამატებითი თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა ზაპოროჟიეს რეგიონში და პერეკოპის ყელში, ისევე როგორც ოთხი „დაჯგუფების“ შექმნა ყირიმში, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსული ძალები „სულ უფრო შეშფოთებულნი არიან სამხრეთ ფრონტზე უკრაინელების უახლესი წინსვლის გამო“,– ასკვნიან ISW-ის ანალიტიკოსები.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის წინსვლა რაბოტინოს რაიონში აახლოებს უკრაინულ ძალებს რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებასთან, "რომელიც შესაძლოა, შედარებით სუსტი იყოს", ვიდრე რუსეთის პირველი თავდაცვის ხაზი ამ ტერიტორიაზე.
ერთი დღით ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები მელიტოპოლის მიმართულებით სოფელ რაბოტინოში ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ შევიდნენ და დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია.
მანამდე, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 20-21 აგვისტოს უკრაინელმა ჯარებმა მიაღწიეს "მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს" რაბოტინოში და აღმოსავლეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში.
მათი თქმით, რაბოტინოზე შეტეტევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემს, კონტრშეტევა აწარმოონ რუსების მიერ მჭიდროდ დანაღმული ველების მიღმა.


