ბაიდენის მრჩეველი: უკრაინა მეთოდურად ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს
23/08/2023 05:55:53 მსოფლიო
შეერთებული შტატები ვერ ხედავს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე ჩიხური ვითარება იქმნება. ამის შესახებ სამშაბათს პრეზიდენტი ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალივანის თქმით, უკრაინა თავის ტერიტორიებს „მეთოდურ, სისტემატურ საფუძველზე“ ათავისუფლებს.
სალივანმა დაადასტურა, რომ რუსული არმია ცდილობს, შეტევა განახორციელოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგრამ უკრაინული ჯარები ეფექტურად იგერიებენ მათ, თავის მხრივ, წარმატებულ შეტევით ოპერაციებს ატარებენ სამხრეთ-აღმოსავლეთში.
კითხვაზე, არის თუ არა თეთრი სახლი იმედგაცრუებული უკრაინის კონტრშეტევის ნელი ტემპით, სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რჩევებს სთავაზობს, ხოლო მოქმედების თაობაზე გადაწყვეტილებას თავად იღებს.
აგვისტოს დასაწყისში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა 24 მილიარდი დოლარი, რომლის ნაწილიც უკრაინის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს. როგორც ჯეიკ სალივანმა თქვა, გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ კონგრესში არსებობს ორპარტიული უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს თეთრი სახლის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს და დაიცვას უკრაინა.


