Meduza: პუტინმა სუროვიკინი საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა
22/08/2023 18:36:44 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენერალი სერგეი სუროვიკინი საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, – იუწყება Meduza.
პოსტიდან გენერლის მოხსნის შესახებ ომის მომხრე რუსი ბლოგერებიც იუწყებიან. „რიბარი“ წერს, რომ სუროვიკინი თითქმის მაშინვე გაათავისუფლეს, როცა ივლისში მოხდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის აჯანყება.
სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა რუსეთის ჯარებს უკრაინაში. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაქვემდებარებაში. ამავე დროს სუროვიკინს 2017 წლიდან ეკავა სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტი.
მიმდინარე წლის ივნისში, ე.წ. „ვაგნერელთა აჯანყების“ დროს, სუროვიკინმა ჩაწერა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც მათ მოუწოდებდა, დაბრუნებულიყვნენ დისლოკაციის ადგილებზე. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სუროვიკინის კავშირების შესახებ „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც ხელმძღვანელობდა "ვაგნერელების" მარშს. ზოგიერთი ცნობით, გენერალი დააკავეს - ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ ის საჯაროდ არ გამოჩენილა.


