საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ არ იყო საქართველოს წარმომადგენელი ათენში გამართულ შეხვედრაზე
22/08/2023 16:55:44 მსოფლიო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი ათენში 21 აგვისტოს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც, მათ შორის ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა.
"21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თელასალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში ეს ღონისძება არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სტუმრები ამ ღონისძიებაში. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ დაპატიჟებულნი იყვნენ უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიჩნეულია როგორ ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო და ზოგადადაც შეიძლება, ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა – უკრაინა და მოლდოვა ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონსსძიებებე დაპატიჟებულნი. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა", – განაცხადა არჩილ ყარაულაშვილმა.
მანამდე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააკეთა. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს "ქართული ოცნების" წევრმა განაცხადა, რომ შეხვედრა "პირდაპირ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხს არ უკავშირდება":
"ეს იყო ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ფორუმი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართებაში ევროკავშირთან გაფართოების კუთხით. აქ არ ყოფილა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კუთხით. თუმცა, როგორც იცით, უკრაინა არის განსაკუთრებული თემა და მოლდოვა უკრაინასთან ერთად, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია ლტოლვილთა ნაკადი მოლდოვის რესპუბლიკაში. ეს ფაქტორი პირდაპირ არ უკავშირდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხს. ეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებული სამიტი".
ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები.
21 აგვისტოს ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული სამიტის შემდეგ მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.
"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის დეკლარაციაში.


