ამერიკული ფარმაცევტული კომპანია რუსეთში C ჰეპატიტის მედიკამენტის მიწოდებას წყვეტს
22/08/2023 13:35:14 მსოფლიო
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია MSD რუსეთში C ჰეპატიტის მედიკამენტის, Zepatier-ის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ რუსული "კომერსანტი" "როსზდავნადზორზე" დაყრდნობით იტყობინება.
როგორც უწყებაში განმარტეს, კომპანია ვალდებულია, მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მინიმუმ ერთი წლით ადრე აცნობოს. MSD-ის წერილში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს 2024 წლისთვის დაგეგმილ მიწოდებებზე.
გამოცემის თანახმად, Zepatier C ჰეპატიტის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვების თითქმის 20%–ს შეადგენს. ამაზე ყოველწლიურად 1 მილიარდ რუბლზე მეტი იხარჯება. რუსეთში პრეპარატის ანალოგები არ არსებობს. ბაზარზე სხვა წამლებიც არსებობს, მაგრამ Zepatier მიეკუთვნება მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ რეჟიმს.
2022 წელს MSD–მ რუსეთთან თანამშრომლობის შეზღუდვა დაიწყო, შეწყვიტა ჩუტყვავილას, წითელას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის და აივ-ის წამლის "რალტეგრავირის" მიწოდება. გამონაკლისი გაკეთდა მედიკამენტებზე, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ.
უკრაინაში რუსული სამხედრო შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე მსხვილმა უცხოურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეზღუდა თავისი საქმიანობა რუსეთში. მაგალითად, Gilead-მა შეაჩერა ყველა ოპერაცია, რომელიც არ იყო დაკავშირებული სიცოცხლის გადამრჩენ პრეპარატთან. Pfizer, Bayer, Novartis, MSD, Sanofi და AbbVie აგრძელებენ მედიკამენტების მიწოდებას, მაგრამ შეაჩერეს ინვესტიციები და კლინიკური კვლევები. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly-მ გადაწყვიტა, მთლიანად დატოვოს რუსული ბაზარი და თავისი ბიზნესი რუსეთში გადასცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორ Swixx Biopharma-ს.


