
თეა გოდოლაძე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება: "ხელისუფლება ცდილობს, გამაჩუმოს"
22/08/2023 12:43:50 საზოგადოება
"ხელისუფლება ცდილობს, გამაჩუმოს", – ასე ეხმიანება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გოდოლაძე ოჯახური ძალადობის მუხლით არის ბრალდებული.
"ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით" - წერს თეა გოდოლაძე და აღნიშნავს, რომ "მის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია 2021 წელსაც ააგორეს. ამ დროს ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო".
"ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!"- წერს თეა გოდოლაძე.
თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარიც", რომელიც მის ინტერესებს წელიწადზე მეტია, იცავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "შავი კამპანიის" მიზანი პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა".
"იგი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა", - წერს საფარი და აცხადებს, რომ "თეა გოდოლაძე არაერთხელ გამხდარა მისი საჯარო განცხადებებისა და აქტიურობის გამო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების სამიზნე".
"რუსთავი 2"-მა ინფორმაცია თეა გოდოლაძის ძალადობაში ბრალდებულობის შესახებ 22 აგვისტოს გამოაქვეყნა როგორც "ექსკლუზივი" - ამ მასალაში აღნიშნული არ იყო, რომ გოდოლაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს და თავადაც დავობს მასზე განხორციელებული ძალადობის გამო.