იაპონია „ფუკუსიმა-1"-დან წყლის ოკეანეში ჩაღვრის პროცესს 24 აგვისტოს დაიწყებს
22/08/2023 11:02:02 მსოფლიო
იაპონია ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა-1"-დან წყლის გამოშვებას 24 აგვისტოს, დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
გასულ თვეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) თავის ანგარიშში დაადასტურა, რომ ოკეანეში წყლის დაგეგმილი ჩაღვრა აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს და „ადამიანებსა და გარემოზე მცირე რადიოლოგიური ზეგავლენა" ექნება.
ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იაპონიის ამ გეგმით. Kyodo News-ის თანახმად, ივლისში რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიას მოუწოდეს, განიხილონ დაგროვილი წყლის აორთქლების შესაძლებლობა. ეს, მათი აზრით, ნაკლებ გავლენას მოახდენს გარემოზე. ჩინეთმა ასევე შემოიღო შესაძლო რადიაციაზე იაპონური ზღვის პროდუქტების უწყვეტი შემოწმება. სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ პატივს სცემს IAEA-ს ინსპექტირების შედეგებს.
2011 წლის 11 მარტს იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. წყალმა დატბორა „ფუკუსიმის“ მიწისქვეშა სათავსოები, რასაც მოჰყვა აეს-ის სრული გათიშვა ელექტროენერგიიდან. რეაქტორებში გალღვა რადიოაქტიური საწვავი, დაგროვდა წყალბადი, სამ ენერგობლოკში მოხდა აფეთქებები და ჰაერში ამოიფრქვა რადიოაქტიური ელემენტები.
ავარიის შედეგად ელექტროსადგურში დაგროვდა 1,3 მილიონ ტონაზე მეტი წყალი, რომელიც რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა. წყალი გაწმინდეს სისტემის გამოყენებით, რომელსაც შეეძლო რადიონუკლიდების უმეტესობის მოცილება. წყალი რეზერვუარებში ინახება. 2024 წელს რადიონუკლიდები მიაღწევენ თავიანთი სიმძლავრის ზღვარს, თუ არ დაიწყება ამ წყლის გამოშვება.
2024 წლის მარტისთვის იაპონია ოკეანეში 31,2 ათას ტონა წყალს ჩაღვრის. გეგმის თანახმად, ავზებიდან წყალი ზღვის წყლით განზავდება, რათა შემცირდეს მასში დარჩენილი რადიონუკლიდების კონცენტრაცია. ამდენად, წყლის ყველა რეზერვუარი 30 წლის განმავლობაში თანდათან დაიცლება.


