ათენში გამართულ სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს
22/08/2023 09:35:25 მსოფლიო
ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული 21 აგვისტოს სამიტის შემდეგ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაგრძელების ფონზე.
"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გარდამტეხი მომენტია ევროპისთვის, რაც ქმნის საერთო პრინციპების, ერთიანობისა და საერთო მომავლის შესახებ ინფორმირებულობის ახალ დონეს ევროკავშირში. ეს არის კრიტიკული დრო ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. დაირღვა კანონები და პრინციპები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპული უსაფრთხოების სტაბილურ და სავარაუდო წესრიგს ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ რევიზიონიზმის დამღუპველ შედეგებს", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ციტირებს უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახური.
ათენში მიღებულ დოკუმენტში გამოთქმულია „ურყევი მხარდაჭერა“ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. დოკუმენტის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს ომის დანაშაული და ისეთი სისასტიკე, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის განადგურება და თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უნდა დაისაჯოს ამაში პასუხისმგებელი ყველა პირი.
"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ესაზღვრებიან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელიც საერთო შესაძლებლობებითა და გამოწვევებით განისაზღვრება“, - ნათქვამია ათენის სამიტის რეზოლუციაში.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელის თანდასწრებით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს უკრაინის, საბერძნეთის, სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა.


