ბრიტანული დაზვერვა: ავიაბაზაზე მესამე წარმატებული თავდასხმა აჩენს ეჭვებს რუსეთის უნარზე, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის სიღრმეში
22/08/2023 08:24:51 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ნოვგოროდის რეგიონში მდებარე ავიაბაზაზე დრონებით იერიში არის მესამე წარმატებული თავდასხმა ფრონტის ხაზიდან შორ მანძილზე არსებულ რუსულ აეროდრომებზე, "რაც კვლავ აჩენს ეჭვებს რუსეთის უნარზე, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის სიღრმეში".
„2023 წლის 19 აგვისტოს რუსეთის შორეული ავიაციის Tu-22M3–ის ბომბდამშენი (BACKFIRE - ნატოს კლასიფიკაციით) სავარაუდოდ განადგურდა რუსეთის ნოვგოროდის რეგიონის "სოლცის" ავიაბაზაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 650 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა კუპტერის ტიპის ლეტალური უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა. თუ ეს სიმართლეა, დამატებითი მტკიცებულებაცაა იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით ზოგიერთი თავდასხმა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა რუსეთისვე ტერიტორიიდან: ნაკლებად სავარაუდოა, რომ კუპტერის ტიპის დრონებს რუსეთის საზღვრებს მიღმიდან მიეღწიათ "სოლცის" ავიაბაზამდე",– ვკითხულობთ ანგარიშში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთი ხშირად იყენებდა BACKFIRE ბომბდამშენებს უკრაინაში "საეჭვოდ არაზუსტი" მძიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების (AS-4 KITCHEN - ნატოს კლასიფიკაციის მიხედვით) Kh-22 გასაშვებად.
19 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა "სოლცის" სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შესახებ. უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ჩამოაგდეს დრონი, თვითმფრინავის სადგომზე ხანძარი გაჩნდა და „დაზიანდა ერთი თვითმფრინავი“.
მანამდე, 2022 წლის დეკემბერში დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის სიღრმეში, სტრატეგიულ საჰაერო ბაზებზე ენგელსსა და რიაზანის რეგიონებში.
ბოლო დროს უპილოტო საფრენი აპარატები ყოველდღიურად უტევენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის მოსკოვს.


