ბორელმა დაადასტურა, რომ „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ შეხვედრა შესაძლოა, გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე გაიმართოს
21/08/2023 19:41:15 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მუშაობა "ახლა მიმდინარეობს" მაღალი დონის შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობაზე.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" განსახილველად ახალი შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე.
ეს იქნება გაგრძელება აგვისტოს დასაწყისში საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 40 –ზე მეტი ქვეყნის ჩართულობით გამართული შეხვედრის, რომელიც ბორელის თქმით, იყო „უკრაინის კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე ომის დასრულების მიზნით“.
"ომის შეჩერება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, ეს რუსეთმა დაიწყო და რუსეთმა უნდა დაასრულოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი „აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“.
მანამდე Bloomberg წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, სექტემბერში ნიუ-იორკში ჩავიდეს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე დასასწრებად.
მედიის ცნობით, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის დროს, ზელენსკიმ შესაძლოა პირადად წარმოადგინოს "მშვიდობის ფორმულა" - ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც შექმნილია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად.


