ზელენსკი: საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება
21/08/2023 19:23:56 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბერძნეთი საავიაციო კოალიციას უერთდება.
"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი საავიაციო კოალიციისთვის: საბერძნეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე ჩვენ პილოტებს მოამზადებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე საბერძნეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა, უკრაინის თავისუფლებისთვის მეტი დახმარების აღმოჩენის მზადყოფნისთვის.
როგორც ცნობილია, უკრაინელი მფრინავები F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოსამზადებლად ევროპის ორ ქვეყანაში გაემგზავრნენ. როგორც ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, ახალგაზრდა მფრინავები, რომლებმაც 2023 წელს დაამთავრეს საავიაციო უნივერსიტეტი, წავიდნენ დიდ ბრიტანეთში, ხოლო უფრო გამოცდილი პილოტები, 2016 წლის კურსდამთავრებულები, რომლებსაც უკვე აქვთ საკმარისი საბრძოლო გამოცდილება – შვედეთი. უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენელი იური იგნატი განმარტავს, რომ მათი სასწავლო პროგრამები განსხვავებული იქნება. წლევანდელი კურსდამთავრებულები საბაზისო წვრთნებს ინგლისური ენის სიღრმისეული შესწავლით გაივლიან.
„საბაზისო სწავლება: დასავლური წარმოების მსუბუქი ძრავიანი თვითმფრინავი, შემდეგაც რეაქტიული თვითმფრინავი და დამოუკიდებელი ფრენები უკვე F-16-ზე. ასეთი პროგრამა ითვალისწინებს ორ წლამდე პერიოდს, მაგრამ ჩვენს ხალხს სხვისი გაოცება შეუძლია და უფრო სწრაფად დასრულებენ სწავლას",– ამბობს იგნატი.
ერთი დღით ადრე, ნიდერლანდებსა და დანიაში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან მინიმუმ 60 თანამედროვე დასავლურ F-16–ის გამანადგურებელს: 42 ნიდერლანდები, 19 დანია.


