
ჯანდაცვის მინისტრი – "კოვიდის" ახალ შტამზე: პანიკის საფუძველი არ არის
21/08/2023 14:27:11 საზოგადოება
განგაშის და პანიკის საფუძველი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კორონავირუსის ახალ შტამზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსს უყურებს როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული და არ არის არანაირი განგაშის და პანიკის საფუძველი. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არც უნდა მახვილდებოდეს. თვეების წინ ჩვენ საერთოდ კოვიდ-აღრიცხვაც გავაუქმეთ. ამის საჭიროება არ არის.
ის, რაც კოვიდშტამების დასახელებებია - EG.5 თუ სხვა, არის მეცნიერების სწავლის საგანი და არანაირად არ უნდა აისახოს მოსახლეობისთვის ზედმეტი ინფორმაციის მიწოდებაზე. არაფერი არ ხდება... თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში მოსახლეობა ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს. ის რაც იყო, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის განმეორების საფუძველი არ იკვეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, კორონავირუსის ახალი შტამი – EG.5 ვრცელდება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული შტამის არც ერთი შემთხვევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არ დადასტურებულა.