"შავ ზღვაში ათასამდე დელფინი დაიღუპა"
21/08/2023 13:13:02 მსოფლიო
ექსპერტებმა შავ ზღვაში ათასამდე დელფინის დაღუპვა დააფიქსირეს. მათ პოულობდნენ უკრაინის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებზე. ამავდროულად, ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ლეში დინებამ ზღვის სიღრმეში გაიტაცა,– იტყობინება უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
დელფინების სიკვდილი შეიძლება, გამოიწვიოს რუსულმა გემებმა, რომლებიც იყენებენ აკუსტიკური სონარის სიგნალებს. მეცნიერთა აზრით, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს დელფინების ორიენტირებას.
შავ ზღვაში რაკეტების გაშვება ქმნის ძლიერ ხმაურს - დელფინებისთვის სასიკვდილოს, ნათქვამია მოხსენებაში. გარდა ამისა, აფეთქებებმა და საწვავის გაჟონვამ, რაკეტების ნამსხვრევებმა დააბინძურეს შავი ზღვის ბიოსფერული, უკრაინის ერთ-ერთი უძველესი ნაკრძალი.
გარდა ამისა, საზღვაო ნაღმები უშლის ხელს დელფინების თავისუფალ მოძრაობაში.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ კახოვკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი წყალი შევიდა შავ ზღვასა და დნეპრის დელტაში. ამან დაარღვია ეკოსისტემა და გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მნიშვნელოვანი კლება.
მანამდე უკრაინის ეროვნული პარკის „ტუზლოვსკი ლიმანის“ კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ივან რუსევმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში საომარი მოქმედებების გამო სულ მცირე 3 ათასი დელფინი დაიღუპა.


