ირანში ქალებს ჰიჯაბის ტარებაზე უარისთვის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
21/08/2023 10:36:58 მსოფლიო
ირანში საპარლამენტო კომიტეტმა ჰიჯაბის კანონის დარღვევისთვის უფრო მკაცრი ჯარიმები დაამტკიცა. ახლა კანონს წარუდგენენ კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოს, რომელიც იურისტებისგან და უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მიერ დანიშნული ისლამური სასულიერო პირებისგან შედგება.
როგორც CNN იტყობინებოდა ადრე, კანონპროექტი შედგება 70 მუხლისგან, რომლებიც ითვალისწინებს ბევრად უფრო დიდ ჯარიმებს და გრძელვადიან პატიმრობას იმ ქალებისთვის, რომლებიც უარს იტყვიან ჰიჯაბის ტარებაზე. კანონების ახალი პაკეტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე, ჯარიმა კი ათასჯერ გაიზარდა - 360 მილიონ ირანულ რიალამდე (7800 ევრო). კანონპროექტი ასევე ამკაცრებს ჯარიმებს ცნობილი ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც არღვევენ კანონს. კანონპროექტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებს ჩაცმულობის კოდექსის დამრღვევთა გამოსავლენად.
თანამედროვე ირანში არსებობს კანონი, რომელიც ყველა ქალს ავალდებულებს, დაიფაროს თმა და კისერი.
კანონმდებლობის გამკაცრება იყო ირანის ხელისუფლების პასუხი შარშანდელ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ამინი გარდაიცვალა ჰიჯაბის არასათანადო ტარების ბრალდებით დაკავების შემდეგ. მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ იგი სასიკვდილოდ სცემეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.
პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს. ამ გამოსვლების განმავლობაში დაიღუპა, სულ მცირე, 500 ადამიანი, ათობით ათასი დააკავეს. რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს. საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგაც ირანში ბევრი ქალი აგრძელებს ჰიჯაბის ტარების მოთხოვნისადმი წინააღმდეგობას.


