
საქსტატი: 2023 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შედიან
21/08/2023 08:03:35 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან ექსპორტი 3.6 მილიარდი დოლარი იყო, თითქმის 16%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
სასტატის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე ჩამოყალიბდა: სომხეთი (495 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2%).
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).