
კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ: "ვეწინააღმდეგებით რეპრესიულ პოლიტიკას"
21/08/2023 07:38:55 საზოგადოება
კინემატოგრაფისტები დამოუკიდებლობის მოთხოვნით ეროვნული კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ. ამ დროისთვის განცხადებას კინოს სფეროში მომუშავე 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები და ოპერატორები აწერენ ხელს.
„ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს! პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კინემატოგრაფისტები პროტესტის პირველივე დღეებიდან ითხოვენ კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას:
„გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!
დამოუკიდებლობა კინოცენტრს!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“.
მოძრაობის განცხადებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შეუერთდეს ბოიკოტს ხელმოწერით.
განცხადებაზე ხელმომწერები იხილეთ აქ.