Accentnews.ge
მოსამართლემ ადეიშვილის და მელიას განაჩენი გამოაცხადა

მოსამართლემ ადეიშვილის და მელიას განაჩენი გამოაცხადა

02/12/2019 06:02:03 სხვა, სამართალი

მოსამართლემ ადეიშვილის და მელიას განაჩენი გამოაცხადა. კერძოდ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული და მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამასთან, მას 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.  შესაბამისად, სავარაუდოდ, პარლამენტი მელიას სადეპუტატო მანდატის საკითხზე იმსჯელებს. თავად მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. 

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა დაუსწრებლად განესაზღვრა. 

საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. გამოძიება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება. ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

საქმესთან დაკავშირებით მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თანადგომას მიცხადებს. ყველა ამ ადამიანს მე თანამებრძოლად აღვიქვამ. მე მხოლოდ რიგითი მებრძოლი ვარ ამ ბრძოლაში და ტყუილად ჰგონია ივანიშვილს, რომ ჩემი დაჭერით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ამ ბრძოლას.

მწარედ ცდება. მიუხედავად იმისა, მე დამიჭერს, თუ არ დამიჭერს, ბრძოლა გაგრძელდება. დიახ, თუ დამიჭერს, ან სახლში გამომკეტავს, ბრძოლა უჩემოდაც გაგრძელდება და მეც ბევრად თავისუფალი ვიქნები ციხის საკანში, ვიდრე თავადაა – შუშის საკანში.

ოლიგარქმა დაინახა, რომ სამაჯურის დადებით ხელი კი შემიშალა პოლიტიკურ აქტივობაში, მაგრამ მაინც ვერ გამანეიტრალა, ვერც თვითონ დაისვენა ჩემგან და ვერც თავისი მორჩილები დაასვენა ჩემგან – დავდივარ პარლამენტში, გამოვდივარ ტელევიზიით, ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ჩემი კიდევ უფრო შეზღუდვა – ციხეში ან სახლში გამოკეტვის გზით.

ივანიშვილი იმასაც მიხვდა, რომ ამისთვის გავრილოვის საქმე არ გამოადგებოდა – გავრილოვის საქმე დროში გაეწელებოდა მარტივი მიზეზის გამო – ასობით მოწმეა დასაკითხი და სასწრაფოდ დააჩქარებინა საქმე, რომელიც წლებია, იწელება.

მოკლედ, ხვალ, მურუსიძის ხელით ან ციხეში გამიშვებს, ან სხვა არასაპატიმრო სასჯელს გამოიყენებს. ორივე შემთხვევაში, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ არასაპატიმრო, პარლამენტმა უახლოეს სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ერთ შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის შემთხვევაში მე პარლამენტის დარბაზში ვიქნები და „ოცნებაში“ დარჩენილმა დეპუტატებმა კვლავ ჩემი დარბაზში ყოფნის პირობებში უნდა მიაჭირონ ხელი პარლამენტიდან გამოგდების ღილაკს, მეორე შემთხვევაში – ციხეში და ჩემი დარბაზში არ ყოფნის პირობებში მიაჭერენ ხელს ღილაკს.

როგორც უკვე ვთქვი, მე გარეთ ვიქნები თუ ციხეში, ივანიშვილს შვება მაინც არ ეღირსება და ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ჩემი დაჭერით რაიმეს დაიჭერს.

მას ჰქონდა შანსი, დაეძლია ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა 20 ივნისს, მაგრამ მან დაძლევის ნაცვლად გააღრმავა ეს კრიზისი, ჯერ გავრილოვის ღამის მდაბიო გახარია ააღზევა, ახლა კი ის დანაპირებიც უკან წაიღო, რომელიც იმ მძიმე დღეებში მისცა ქვეყანას.

ასე რომ, ტყუილად ჰგონია მას, რომ პროტესტს შეაჩერებს, ან შეანელებს.

ყველას, ყველა ჩემს თანამებრძოლს მინდა, მოვუწოდო ჭკვიანური ბრძოლისკენ. ჩემი დაჭერით არაფერი არ იცვლება. მთავარი ერთიანობაა, ერთად დგომაა და არა ის, სად იდგება შენი თანამებრძოლი – გარეთ, შენთან ერთად, თუ საკანში“.

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S