უკრაინული დაზვერვის სამსახური: ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსი პოლკოვნიკი და რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლები დაშავდნენ
18/08/2023 17:22:29 მსოფლიო
ოკუპირებულ ენერგოდარში აფეთქების შედეგად რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი და რამდენიმე პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო და მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ავრცელებენ.
“18 აგვისტოს დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში საქალაქო “პოლიციის” ხელმძღვანელების თათბირი იყო ჩანიშნული. დაახლოებით 09:23 საათზე პოლიციის უფროსის კაბინეტში ძლიერი აფეთქება გაისმა. შედეგად მრავალი ჭრილობა მიიღეს: საქალაქო პოლიციის განყოფილების უფროსმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკმა პაველ ჩესანოვმა (ჩუვაშიის რესპუბლიკა), მისმა მოადგილემ ოპერატიულ მუშაობაში, საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამორიგეო სამსახურის უფროსმა და რიგმა განყოფილების უფროსებმა. აფეთქების შემდეგ ისინი სასწრაფოდ მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.
როგორც დაზვერევის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, პოლიციის შენობაზე თავდასხმა დრონმა განახორციელა.
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ენერგოდარში ძლიერი აფეთქების შესახებ განაცხადა და დაზიანებული შენობის ფოტო გამოაქვეყნა.
ენერგოდარი რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ამ ქალაქში მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.


