Accentnews.ge
"სოკარი" და "ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ

"სოკარი" და "ვისოლი" საწვავის ფასის გამო დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავენ

18/08/2023 12:25:04 საზოგადოება

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან ორი - "სოკარი" და "ვისოლი" გეგმავენ სასამართლოს მიმართონ.

"მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში", - აცხადებენ "ვისოლში" და დამატებით განმარტავენ, რომ "2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად".

კონკურენციის სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმებიან "სოკარშიც":

"იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ".

დაჯარიმებული "გალფის", "რომპეტროლისა" და "ლუკოილის" პოზიცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა – შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას““, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა“, – აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს შეფასებით, "განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ: შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია – 1 073 998 ლარი; შპს რომპეტროლ საქართველო – 987 886 ლარი; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი – 719 310 ლარი; სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – 693 576 ლარი; შპს ლუკოილ ჯორჯია – 450 590 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S