16 აგვისტოს ოდესიდან გასული გემი სტამბოლის ნავსადგურში შევიდა
18/08/2023 09:16:22 მსოფლიო
კონტეინერმზიდმა "იოზეფ შულტემ", რომელმაც ოდესის ნავსადგური 16 აგვისტოს დატოვა, მიაღწია ბოსფორს და სტამბოლის პორტში შევიდა, ეს ჩანს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც აკონტროლებს გემების მოძრაობას.
ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით.
ეს პირველი გემია, რომელმაც გამოიყენა უკრაინის მიერ შექმნილი დროებით საზღვაო დერეფანი გემების ევაკუაციისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.
ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში იდგა წელიწადნახევარი - 2022 წლის 23 თებერვლიდან.
10 აგვისტოს უკრაინის საზღვაო ფლოტმა გამოაცხადა დროებითი დერეფნები შავ ზღვაში სავაჭრო გემებისთვის, რომლებიც მოძრაობენ უკრაინის ნავსადგურებისკენ და უკან ბრუნდებიან. გემთმფლობელები გააფრთხილეს რუსეთის საზღვაო ფლოტის მხრიდან შესაძლო საფრთხის შესახებ.
მას შემდეგ, რაც მოსკოვი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამიზნედ აღიარა შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი. 13 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და მოითხოვა გაჩერებულიყო პალაუს დროშით მცურავი სატვირთო გემი “Sukru Okan", რომელიც მიემართებოდა იზმაილისკენ. ტვირთის შესამოწმებლად გემზე რუსი სამხედროები ავიდნენ. კიევმა, მომხდარის კომენტირებისას, რუსული მხარის ქმედებებს უწოდა "შავი ზღვის ქვეყნების თავისუფალი ნავიგაციის უფლებების აშკარა უგულებელყოფა".
თურქეთმა მოუწოდა რუსეთს თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება შავ ზღვაში ესკალაცია გამოიწვიოს.
მარცვლეულის შეთანხმება, რომლითაც სურსათის ექსპორტი ხდება რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, გასული წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს დახმარებით დაიდო. ხელშეკრულება რამდენჯერმე გახანგრძლივდა. 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან.
მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმება არ შესრულდა. 18 ივლისიდან რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაბომბეს ოდესის რეგიონი. შედეგად განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა დაასახელა.მარცვლეულის ინიციატივამ უზრუნველყო ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდეს რუსეთს, განაახლოს მონაწილეობა მარცვლეულის შეთანხმებაში.


