სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელები გადაწყვეტენ, როდის იქნება მოლაპარაკებებისთვის პირობები და როგორი გამოსავალია მისაღები
17/08/2023 14:04:56 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა მისი აპარატის უფროსის სტიან იენსენის სიტყვებს, რომელმაც მანამდე დაუშვა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმის სანაცვლოდ.
Reuters–ის ცნობით, ნორვეგიის ქალაქ არენდალში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის შეიქმნება პირობები რუსეთის შეჭრის შემდეგ ნებისმიერ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის.
„მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების პირობები, ვის შეუძლია გადაწყვიტოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელი გამოსავალია მისაღები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა ალიანსის პოზიციის უცვლელობას უკრაინასთან დაკავშირებით:
„ნატოს მთავარი გზავნილი იმაი მდგომარეობს, რომ ნატოს პოლიტიკა უცვლელია - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ NATO–ს პოზიცია უცვლელია – უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება.
„უკრაინის პრეზიდენტი და მე იენს სტოლტენბერგთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით და გარწმუნებთ, რომ მისი პოზიცია მკაფიოა და ზუსტად ისეთია, რაც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება", - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ოფიციალური კიევი აგრძელებს მუშაობას ნატოში სწრაფი გაწევრიანების საკითხზე.
NATO–ს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი მისი ტერიტორიის ნაწილზე „უარის“ თქმის სანაცვლოდ. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს დისკუსიებს უწოდა "აბსოლუტურად მიუღებელი" და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რუსულ ნარატივს ეთამაშებიან.
მოგვიანებით იენსენმა „შეცდომა“ უწოდა თავის სიტყვებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო სცენარის შესახებ, რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ.


