კიევი: უკრაინა რუსეთთან გაზის ტრანზიტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას არ გამართავს
17/08/2023 11:18:07 მსოფლიო
უკრაინა არ გამართავს რუსეთთან მოლაპარაკებას გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მოქმედი შეთანხმების დასრულების შემდეგ, – განუცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ "ამერიკის ხმის" უკრაინულ სამსახურს.
მინისტრის თქმით, ხელშეკრულების გახანგრძლივება იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ევროპა რუსული გაზის გარეშე ფონს გასვლას. ამავე დროს, უკრაინა არ იქნება რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე შემდგომი ტრანზიტის თაობაზე.
„ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით რუსებთან მოლაპარაკების მხარეს და ეს სრულიად აშკარაა“, - განაცხადა მინისტრმა.
გალუშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ევროპა შეძლებს მარაგების დივერსიფიკაციას და არ დასჭირდება რუსული საწვავი.
„ვფიქრობ, მომავალი წელი საჩვენებელი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ევროპას შეუძლია რუსული გაზის გარეშე ფუნქციონირებას. ვხედავ ყველა წინაპირობას, რომ ეს მოხდეს“,– თქვა მინისტრმა.
ამასთან, გალუშჩენკომ აღნიშნა, რომ ვითარება რჩება არაპროგნოზირებადი, რადგან რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დღეს შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება.
2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე, უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში უკრაინის გავლით გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, მიუხედავად ომისა და მოსკოვი კვლავ იხდის მომსახურებას „მყარ ვალუტაში“. ამავე დროს, განაცხადეს, რომ უკრაინა აღარ არის პასუხისმგებელი რუსეთიდან ევროპაში ოკუპირებული ტერიტორიების გავლით გაზის ტრანზიტის უსაფრთხოებაზე.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის იანვარსა და თებერვალში რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავალი თითქმის განახევრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ კლების მიზეზი ურალის ნავთობზე ფასების კლება და ბუნებრივი აირის ექსპორტის მკვეთრი შემცირებაა. ზოგადად, რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები მიმდინარე წლის დასაწყისში 25%–ით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.


