Accentnews.ge
რეესტრმა დავით კეზერაშვილს "ფორმულაში" წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

რეესტრმა დავით კეზერაშვილს "ფორმულაში" წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

17/08/2023 10:48:38 საზოგადოება

4 აგვისტოდან ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა - საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51 პროცენტიანი წილიდან 25 თანამშრომელთა გაერთიანებას - ააიპ "თავისუფლების ფორმულას" გადაეცა. საჯარო რეესტრი ამ დრომდე უარს ეუბნებოდა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს წილების ცვლილების დარეგისტრირებაზე - აცხადებდა, რომ მას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი. თუმცა, როგორც ირკვევა, ახლა ეს მოცემულობა შეცვლილია, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

27 ივლისს საჯარო რეესტრში "ფორმულის" დირექტორის, ზუკა გუმბარიძის სახელით განაცხადი შევიდა, რომლითაც წარდგენილი იყო დამატებითი დოკუმენტები იმისთვის, რომ 25-პროცენტიანი წილი თანამშრომელთა გაერთიანებას გადასცემოდა. ამ განაცხადს თან ერთვოდა კვიპროსში ლიმასოლის რაიონული ოფიცერის განმარტება, როგორ მოხდა დავით კეზერაშვილისთვის იმ მინდობილობის გაცემა, რომელიც საქართველოს საჯარო რეესტრმა არასაკმარისად მიიჩნია წილების გასასხვისებლად.

ამ განმარტებაში წერია, რომ დამმოწმებელი ოფიცერი პირადად შეხვდა დავით კეზერაშვილს, რომელმაც მას წარუდგინა ორი დოკუმენტი:

ქართული პასპორტი, რომელსაც ვადა გაუვიდა 2021 წლის 3 აგვისტოს;

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობა, რომელსაც უვადო მოქმედების ვადა აქვს.

"მიუხედავად იმისა, რომ დამმოწმებელი ოფიცერისთვის წარდგენილ საქართველოს პასპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, კანონის თანახმად, დამმოწმებელ ოფიცერს შეეძლო დაყრდნობოდა მოქმედ ქართულ მართვის მოწმობას აღნიშნული პირის ვინაობის დასადასტურებლად და მისი ხემოწერის დასადასტურებლად. დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ პირადი ნომერი მითითებული იყო ორივე დოკუმენტში.

ვინაიდან წარმოდგენილ მართვის მოწმობაში, რომელიც კვლავ მოქმედია და მასში სრულადაა მითითებული იგივე პირადი ნომერი, რაც ქართულ პასპორტში, დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ ჩემ წინაშე გამოცხადებული პირი იყო ბატონი დავით კეზერაშვილი", - წერია 2023 წლის 10 ივლისს გაცემულ განმარტებაში.

BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან ტელეკომპანიის თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა - ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება აპრილში გამოქვეყნდა, წილების გასხვისებაზე კი დავით კეზერაშვილის სახელით განაცხადი საქართველოს საჯარო რეესტრში ივნისში შევიდა. მაშინ მოთხოვნა არ დარეგისტრირდა.

"[დავით კეზერაშვილს] არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,(სტატუსი გაუქმებულია (დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა) შესაბამისად, არ დგინდება პირის იდენტიფიცირებისთვის იურიდიული ძალის მქონე რომელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საქართველოს პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა) იხელმძღვანელა ნოტარიუსმა", - ასე ასაბუთებდა რეესტრი კეზერაშვილის მოთხოვნის დარეგისტრირებაზე უარს.

დღევანდელი მოცემულობით, "ფორმულის" წილები ეკუთვნით: : დავითი კეზერაშვილს, მიშა მშვილდაძეს, ირაკლი საღინაძეს, ზუკა გუმბარიძეს, გიორგი ლიფონავას და ააიპ "თავისუფლების ფორმულას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S