NATO-ს მაღალჩინოსანმა, რომელმაც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა
16/08/2023 18:41:58 მსოფლიო
NATO-ს წარმომადგენელმა, რომელმაც ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არ გამორიცხა, ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა სტიან იენსენმა გამოცემა VG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი განცხადება ფართო დისკუსიის ნაწილი იყო და ეხებოდა უკრაინაში მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს. მე არ უნდა მეთქვა ეს ამგვარად. ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა სტიან იენსენმა.
მანამდე, სტიან იენსენმა ნორვეგიულ გამოცემა VG-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. თავად ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როგორც ნორვეგიული გამოცემა აღნიშნავს, არაერთხელ თქვა, რომ ოკუპაციის დასრულების შესახებ რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს.
ტერიტორიული დათმობის შესახებ NATO-ს გენმდივნის ოფისის დირექტორის განცხადებას კიევმა მკაცრად უპასუხა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "სრულიად მიუღებელი" უწოდა გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბარს.


