
NAEC: ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია
16/08/2023 17:34:37 საზოგადოება
"ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", – ასე პასუხობს გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის თაობაზე.
NAEC–ს ცნობით, დამატებითი სესიების დანიშვნის საკითხში ცენტრმა კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა.
“აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.
დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.
აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს”, — აცხადეებს NAEC.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი “მოკლებული იყო შესაძლებლობას” აღესრულებინა 28 ივლისს მიღებული განჩინება, რადგან საგანში დამატებითი სესია სამი დღით ადრე, 25 ივლისს ჩატარდა, გამოყენებული დავალებები კი უკვე გამოქვეყნებული იყო ვებგვერდზე.
NAEC–ს ინფორმაციით, მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტეს მიზეზი, თუ რატომ ვერ აღასრულებდნენ განჩინებას.
“ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია”, — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს აბიტურიეტისთვის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლი დანიშვნის რეკომენდაციით დღეს მიმართა. ომბუდსმენმა აბიტურიენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, NAEC–მა უარი განაცხადა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება.