ყოფილმა უკრაინელმა სამხედრო ტყვეებმა ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში წამების შესახებ ისაუბრეს
16/08/2023 10:22:51 მსოფლიო
ყოფილმა უკრაინელმა სამხედრო ტყვეებმა BBC-ს უამბეს ტაგანროგის #2 საპატიმროში წამების შესახებ: "მათ სცემდნენ, ამცირებდნენ და აშიმშილებდნენ".
BBC ესაუბრა ათეულობით უკრაინელ სამხედრო ტყვეს - ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ტაგანროგის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათი თქმით, ყოველდღიური შემოწმებისა და დაკითხვის დროს ციხის თანამშრომლები სცემდნენ, აწამებდნენ ელექტროშოკერის გამოყენებით, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ ცრუ აღიარებითი ჩვენებების მიცემის მიზნით.
წამების დროს დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. ამასთან, ტყვეებს აშიმილებდნენ.
ცნობილია სულ მცირე სამი შემთხვევა წამების დროს სიკვდილის და ერთი თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
სამხედრო ტყვეების მიმართ ასეთი მოპყრობა, ისევე როგორც მათი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ფაქტი, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
BBC აღნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო სამხედრო ტყვეების ისტორიების დამოუკიდებლად გადამოწმება: რუსეთის ხელისუფლება არ უშვებს გარე დამკვირვებლებს, გაეროსა და წითელი ჯვრის ჩათვლით, ტაგანროგის წინასწარი დაკავების ცენტრში. რუსეთი სამხედრო ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს უარყოფს.
ამასთან, BBC-ის რესპინდენტების ნაამბობის დეტალები სხვა სამხედრო ტყვეებმაც დაადასტურეს. ასევე, უკრაინის ომბუდსმენის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, „ათი ყოფილი სამხედრო ტყვიდან ცხრა“ საუბრობს რუსეთის ტყვეობაში წამების შესახებ.
მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა გაეროს ივნისის ანგარიშში, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას ეხება. რუსეთის ტყვეობაში მყოფი რესპონდენტთა 90%-ზე მეტმა ისაუბრა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაკავებას.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 2500-ზე მეტი უკრაინელი გაათავისუფლეს ტყვეობიდან. ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ათი ათასამდე ადამიანი რუსულ ტყვეობაში რჩება.


