გერმანული Rheinmetall უკრაინისთვის ახალი თაობის დრონების გადაცემას ადასტურებს
15/08/2023 13:31:17 მსოფლიო
გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა დაადასტურა უკრაინისთვის თანამედროვე Luna NG –ს ტიპის სადაზვერვო დრონების მიწოდების გეგმები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი თაობის Luna NG–ს სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინაში მალე დაიწყებს ოპერირებას.
Rheinmetall საკუთარ განცხადებაში განმარტავს, რომ კონცერნი სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გერმანიის სახელით 2023 წლის განმავლობაში მიაწოდებს.
„დრონის პაკეტი“ შედგება მართვის სახმელეთო ცენტრისგან რამდენიმე დრონით, კატაპულტის გამშვებისა და სამხედრო სატვირთო მანქანებისგან.
Rheinmetall-ის ახალი Luna არის ახლად შემუშავებული უპილოტო სისტემა, რომელიც მის წინამორბედს მახასიათებლებით წინ უსწრებს. გარდა იმისა, რომ გამოიყენება როგორც სადაზვერვო სისტემა, თვითმფრინავებს ასევე შეუძლიათ, უზრუნველყონ LTE–ს ქსელი, კავშირის გადაჭერა ან ჩახშობა.
უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რუსეთი მასიურად უტევს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს ირანული კამიკაძე დრონებით. მაგრამ სპეციალისტების თქმით, სადაზვერვო თვითმფრინავები ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის. ოპერატიული გამოცდილება აჩვენებს, რომ რეალურ დროში მიღებული სადაზვერვო ცნობები გადამწყვეტ როლს თამაშობს ოპერაციების წარმართვაში.


