
ეროვნული ბანკი: ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია
15/08/2023 11:44:34 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია.
კერძოდ, ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 301.1 მლნ. დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით( 5 მლნ. აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის მაჩვენებელზე.
ივლისშიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა და მისმა მოცულობამ 73.8 მლნ. დოლარი შეადგინა. რუსეთის გარდა პირველ ხუთეულში შედიან: იტალია 45.3 მლნ. დოლარით, აშშ 40 მლნ. დოლარით, საბერძნეთი 21.6 მლნ. დოლარით და გერმანია 20.5 მლნ. დოლარით.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთი იყო.