
საქსტატი: 2022 წელს საქართველოში რეკორდული მოცულობის ინვესტიციები განხორციელდა
15/08/2023 08:00:09 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა (საქსტატი) 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში რეკორდული მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა.
საქსტატის ცნობით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს თითქმის 5%-ით აღემატება.
აქამდე ყველაზე მეტი ინვესტიცია თითქმის 2 მილიარდი დოლარი 2017 წელს იყო დაფიქსირებული, თუმცა უკვე დაზუსტებული მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით რეკორდული 2022 წელი იყო.
გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა: სააქციო კაპიტალი - 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია - 1 378.4; სავალო ვალდებულებები - 22.7 მლნ დოლარი.
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 20.8%-ით (437.0 მლნ. აშშ დოლარი), მეორეს – ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეს – დერლანდები 9.4% (196.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 538 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.6%-ია. ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 366.5 მლნ. აშშ დოლარით (17.5%), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ. აშშ დოლარით (9.4%).