
კალაძე აღმაშენებელზე მდებარე ღია კაფე-ბარების მეპატრონეებს აფრთხილებს: "გონივრული ვადა თავდება"
15/08/2023 07:25:28 საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მფლობელებს მორიგი გაფრთხილება მისცა და 25 აგვისტომდე სივრცეების კანონის ფარგლებში მოწესრიგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებების დემონტაჟს განახორციელებს.
"გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.