როგორ აღმოჩნა სასტიკი მკვლელი თავისუფლებაზე
15/08/2023 07:47:25 მსოფლიო
რუსეთის არხანგელსკის ოლქის მკვიდრი ვიაჩესლავ სამოილოვი, რომელიც გასულ წელს ქალის სასტიკი მკვლელობისთვის გაასამართლეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის წყალობით. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 29.ru. ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრებსა და მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის სილამაზის კონკურსის ფინალისტი 33 წლის ოლგა შლიამინა 2021 წლის მარტში გაუჩინარდა ქალაქ ნოვოდვინსკში. მოგვიანებით მისი დანაწევრებული ცხედარი ტყეში იპოვეს.
მკვლელობის ბრალდებით ქალის პარტნიორი დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას პარტნიორ ქალს თავში რამდენჯერმე დაარტყა და მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ის გარდაიცვალა, სხეულის დანაწევრება და დამალვა გადაწყვიტა.
2022 წლის აპრილში რუსულმა სასამართლომ ვიაჩესლავ სამოილოვს თავისუფლების 9 წლითა და 7 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა. მის მსხვერპლს მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. შემდეგ შლიამინას ნათესავებმა და მეზობლებმა უთხრეს ჟურნალისტებს, რომ მსჯავრდებული ყოველთვის აგრესიული იყო და რეგულარულად სცემდა პარტნიორ ქალს.
უკვე კოლონიიდან სამოილოვი უკრაინაში წავიდა საომრად, იქ დაიჭრა, გარკვეული დრო გაატარა საავადმყოფოში, რის შემდეგაც ნოვოდვინსკში დაბრუნდა შეწყალების პროცედურის შედეგად.
29.ru-სთვის მიცემულ კომენტარში სამოილოვის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი "ახლა ღვთის წინაშე პირნათელია".
გასულ ზაფხულს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის მიერ განცდილი რამდენიმე სამხედრო მარცხის შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" და პირადად მისმა დამფუძნებელმა, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა დაიწყეს პატიმრების გადაბირება და ომში გაგზავნა. მსჯავრდებულებს, რომლებიც დათანხმდებოდნენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, ექვსი თვე უნდა დარჩენილიყვნენ წინა ხაზზე, სიკვდილით დასჯის მუქარის ქვეშ მათ უკან დახევა და ტყვედ ჩაბარება ეკრძალებოდათ. ვინც ცოცხალი გადარჩებოდა, სეწყალებას პირდებოდნენ. ამ გზით, სხვადასხვა შეფასებით, "ვაგნერი" 50-დან 70 ათასამდე მებრძოლით იყო დაკომპლექტებული. მათგან 32 000, პრიგოჟინის თქმით, უკვე დაბრუნდა რუსეთში და მიიღო შეწყალება საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
ბოლო დროს მედიაში რეგულარულად გავრცელდა ცნობები უკრაინიდან დაბრუნებული "ვაგნერელების" მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების შესახებ, მათ შორის მკვლელობებისა და გაუპატიურების. მაგალითად, ნოვოსიბირსკის რეგიონში "ვაგნერის" დაქირავებული დააკავეს მაისის ბოლოს 10 და 12 წლის გოგონების გაუპატიურების ბრალდებით. აგვისტოს დასაწყისში კი კარელიაში ექვსი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ასევე "ვაგნერელი", წარსულში ნასამართლევი იგორ სოფონოვი, რომელიც რუსეთში ომიდან დაბრუნდა.


