რუმინეთი კონსტანტას პორტით უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს გააორმაგებს
15/08/2023 06:38:14 მსოფლიო
რუმინეთი აპირებს, უახლოეს თვეებში გააორმაგოს უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის თვიური მოცულობა, რომელიც კონსტანტას პორტში შედის, - განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 14 აგვისტოს. Reuters-ის ცნობით, გრინდეანუმ ამ თემაზე ევროკავშირის, აშშ-ის, უკრაინის, მოლდოვასა და რუმინეთის მინისტრებისა და პოლიტიკოსების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც გალაკაში გაიმართა.
უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ირგვლივ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა დატოვა. უკრაინის დუნაის პორტები – რენი და იზმაილი დაბომბეს რუსეთის ჯარებმა.
მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამდე დუნაის პორტებზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა. მარცვლეული იტვირთება ბარჟებზე, იგზავნება დუნაის და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლით კონსტანტას პორტში, იქიდან კი მყიდველ ქვეყნებში.
რუმინეთი უკრაინასთან ერთად აპირებს მარცვლეულის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას ამჟამინდელი ორი მილიონი ტონიდან თვეში ოთხ მილიონ ტონამდე.


