საბერძნეთში ფეხბურთის 105 ფანი დააკავეს ერთ–ერთი გულშემატკივრის მკვლელობის შემდეგ
14/08/2023 12:00:58 მსოფლიო
საბერძნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დააკავოს ფეხბურთის 105-ვე გულშემატკივარი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ათენში მასობრივ შეტაკებაში, რომელიც ბერძნული კლუბის AEK-ს 29 წლის მხარდამჭერის მიხალის კაცურისის სიკვდილით დასრულდა ხორვატულ "დინამოსთან" მატჩის წინ.
პროკურატურამ 105–დან 11–ს ბრალი წაუყენა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის არის განზრახ მკვლელობა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა, ხოლო დანარჩენებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
არსებული ცნობებით, დაკავებულთაგან 102 ხორვატიის, სამი საბერძნეთის მოქალაქეა. ისინი მიხალის კაცურისის მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ.
პოლიცია ამბობს, რომ კაცურისი დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, კიდევ 10 გულშემატკივარი დაშავდა, როდესაც ხის და მეტალის ჯოხებით შეიარაღებული ათობით ხორვატი გულშემატკივარი გასულ ორშაბათს კლუბ AEK-სთან არსებულ Opap Arena-ს მახლობლად მყოფებს თავს დაესხა.
ძალადობის გამო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩი AEK-სა და ზაგრების "დინამოს" შორის, რომელიც გასულ კვირას უნდა გამართულიყო, უეფამ გააუქმა.


