
ინფრასტრუქტურის მინისტრი: რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, დღეს რიკოთი არის უსაფრთხო
14/08/2023 11:47:41 საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "დღეს რიკოთი არის უსაფრთხო".
„რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა. აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა, იმისთვის, რომ გზა გაგვეფართოებინა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო. ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა უსაფრთხო. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინმსწრებად, თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი. ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო“,- განაცხადა ქარსელაძემ.