ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ამ კვირაში რუსეთსა და ბელარუსს ეწვევა
14/08/2023 10:17:08 მსოფლიო
14-დან 19 აგვისტომდე პერიოდში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ რუსეთსა და ბელარუსს ეწვევა.
დასავლური მედიის ცნობით, ლი შანფუ მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების XI კონფერენციაში, რომელზეც სიტყვით გამოვა. ამასთან, იგი სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსში ვიზიტის დროს ლი შანფუს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქვეყნის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან და სამხედრო მოხელეებთან.
გამოცემა France-Press, რომელიც მოსკოვსა და პეკინს სტრატეგიულ მოკავშირეებს უწოდებს, აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდა გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებისა და დასავლელი მოკავშირეების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას, მაგრამ არც საჯაროდ დაუგმია მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის. დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს.


