
მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია
13/08/2023 08:55:16 საზოგადოება
რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში დაღუპულთა მოსაძებნად მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
„საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მანამდე, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამძებრო არეალი გაფართოვდა. ოთხკაციანი ჯგუფები 3 კმ-იან დისტანციაზე ეძებს დაკარგულებს და ამონიტორინგებს მდინარეების კალაპოტებს.
თემურ მღებრიშვილის თქმით, გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა - ნაპოვნია 24 ცხედარი და კიდევ ეძებენ 9 ადამიანს. ასევე, აღმოჩენილია 4 ფრაგმენტი, კიდურის ნაწილები.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს განვითარდა.