
ონის მერი: საძიებო სამუშაოები როგორც ჭანჭახის ხეობაში, ისე რიონში მიმდინარეობს, ბოლო 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი
13/08/2023 08:12:47 საზოგადოება
ონის მერ სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები როგორც ჭანჭახის ხეობაში, ისე რიონში მიმდინარეობს, ბოლო 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი.
მისივე თქმით, შოვში დაღუპული გენადი სულთანიშვილის გადასვენება ონის კულტურის სახლში დღეს მოხდება და დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები.
„ამ დროისთვის 24 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული. აქტიურ რეჟიმში ყველა უწყებაა ჩართული სამუშაოებში. დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი, როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში. ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში სოფელ გლოლაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი“, – განაცხადა ხიდეშელმა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 9 ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.