BBC: კიდევ ერთი რუსი ოფიცერი გაიქცა ლიეტუვაში
11/08/2023 18:55:06 მსოფლიო
კიდევ ერთი რუსი ოფიცერი გაიქცა ლიეტუვაში და იქ პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, საუბარია ლეიტენანტ ივან კოროლევზე, რომელიც არტილერისტად მსახურობდა.
კოროლევმა განაცხადა, რომ მან დატოვა რუსეთი, რადგან არ სურდა მონაწილეობა მიეღო „სახელმწიფოს მიერ გაჩაღებულ სისხლიან ომში“.
ლეიტენანტმა BBC-ის კორესპონდენტს უთხრა, რომ თავად უშუალოდ უკრაინაში არ ყოფილა, მაგრამ მისი ნაწილი რუსული ჯარებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებით იყო დაკავებული.
მან ლიეტუვის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, 10 აგვისტოს კი მესაზღვრეებმა ვილნიუსში, ავტოსადგურზე დააკავეს. 11 აგვისტოს ის მიგრაციის ცენტრში გაგზავნეს, სადაც თავშესაფრის საკითხის განხილვის პერიოდში დარჩება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია რუსი სამხედროს მონაყოლის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება.
ივნისში ლიეტუვაში რუსი სამხედრო მფრინავი გაიქცა. მან ასევე განაცხადა, რომ არ დათანხმდა უკრაინის ომში მონაწილეობას. მას საკითხის განხილვამდე ლიეტუვაში ცხოვრების უფლება მისცეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირის ქვეყნები მსჯელობენ, უნდა მისცენ თუ არა პოლიტიკური თავშესაფარი რუსებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძოლაზე. ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. გერმანელმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ გერმანია დროებით თავშესაფარს მისცემს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას. ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, როგორიც არის ჩეხეთი, ესტონეთი და ლატვია, ეწინააღმდეგებოდნენ ჯარისკაცების დაცვის უზრუნველყოფას.


