აზერბაიჯანი უკრაინის დახმარების პაკეტს ზრდის
11/08/2023 18:31:44 მსოფლიო
აზერბაიჯანს კიევისთვის დახმარების მოცულობის გაფართოება სურს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ბოგდან დრაპიატისა და უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის სეიმურ მარდალიევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
როგორც იუწყებიან, მოლაპარაკების მთავარი თემა უკრაინის ჰუმანიტარული განაღმვის საკითხი და ამ მიმართულებით აზერბაიჯანის დახმარება იყო – აზერბაიჯანი უკრაინას მექანიზებული განაღმვის მანქანას გადასცემს.
„გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ თქვენი გამძლეობისა და გამბედაობისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავზარდოთ უკრაინის დახმარების პაკეტი, კერძოდ, ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში. ჩვენ უკვე ავიღეთ ჩვენს თავზე უკრაინის დახმარების პოლიტიკური ვალდებულება“, - თქვა ელჩმა.
მისი თქმით, საუბარია თანამშრომლობის ოთხ სფეროზე, რომელთა ფარგლებშიც მზადაა აზერბაიჯანი, დაეხმაროს უკრაინას: ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ბავშვების სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაცია, სამხედრო პერსონალის რეაბილიტაცია, ენერგეტიკულ სექტორში დახმარება და უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქცია.
მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამომავლო წვრთნების ორგანიზება ჰუმანიტარული განაღმვის საკითხში გამოცდილების გაცვლის მიზნით.
„აზერბაიჯანი უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ჩაატარებენ წვრთნებს უკრაინელი სპეციალისტებისთვის განაღმვის სფეროში. ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესოა. საუბარია არა მხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევას. ჩვენი პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას და მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს თქვენს პრეზიდენტთან “, - განაცხადა სეიმურ მარდალიევმა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბაქომ კიევს მიაწოდა ათას ტონაზე მეტი მედიკამენტი, სამედიცინო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება – ჯამში დაახლოებით 17 მილიონი დოლარის ღირებულების. ამავდროულად, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღდგენას უკავშირდება რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა უკრაინას გადასცა მათ შორის, 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი.


