
მღებრიშვილი: დამეწყრილი ტერიტორიის 40% გადამოწმებულია
11/08/2023 17:59:41 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40%.
მისი თქმით, ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება.
"ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი",– განმარტა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე:
"პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება".
მან თქვა, რომ დღეს 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში მოხერხდა. სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში:
"გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო, ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით".
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
სტიქიური პროცესი შოვში 3 აგვისტოს განვითარდა. ამჟამად 9 ადამიანი ითვლება დაკარგულად.