"ისროლეს ოთხი "კინჯალი": უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე დაასახელა
11/08/2023 15:00:37 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დილით რუსმა სამხედროებმა ოთხი MiG-31K თვითმფრინავიდან ოთხი Kh-47–ს ტიპის აერობალისტიკური რაკეტა "კინჟალი" გაისროლეს. თავდასხმის სამიზნე იყო აეროდრომი კარპატების რეგიონში.
„გაშვებები განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ტულასა და ლიპეცკის რეგიონების საჰაერო სივრციდან. რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩრდილოეთიდან შემოვიდა და სამხრეთ-დასავლეთით მიემართებოდა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, კოლომიას აეროდრომისკენ. კიევის რეგიონში განადგურდა ერთი Kh-47 რაკეტა. დანარჩენები აეროდრომიდან არც თუ ისე შორს დაეცნენ. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. ერთ-ერთი რაკეტა საბინაო სექტორს მოხვდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
ივანო-ფრანკოვსკის ადმინისტრაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
დღეს დილით უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რიგ რეგიონებში დაფიქსირდა საჰაერო თავდაცვის მუშაობა. კიევში რაკეტების ფრაგმენტები ორ რაიონში ჩამოვარდა. მსხვერპლი არ ყოფილა.
გენერალური პროკურატურის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო 11 აგვისტოს მდგომარეობით, 499 ბავშვი დაიღუპა და 1097-ზე მეტი დაშავდა.


