დანაკარგებია რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებში: ჟურნალისტებმა მონაცემები მოიკვლიეს
11/08/2023 13:15:10 მსოფლიო
“მედიაზონას” და BBC-ს ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლეს უკრაინაში დაღუპული 47 000 რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა. თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგი გაცილებით მეტია.
ჟურნალისტების ცნობით, მათ სიას 28 ივლისის შემდეგ 1300-მდე ადამიანი დაემატა და შეინიშნება დანაკარგები სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების სამხედროებს შორის. OSINT-ის მკვლევარებმა, რომლებიც აკვირდებიან უკრაინის კონტრშეტევას ზაპოროჟიეს რეგიონში, ასევე აღნიშნეს დიდი დანაკარგი რუსეთის არტილერიასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების.
ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდა ოთხი პოლკოვნიკის მკვლელობის შესახებ . ჯამში დაღუპულ სამხედრო მაღალჩინოსანთა სიაში ამჟამად 284 სახელი და გვარი ფიგურირებს.
ასევე ცნობილია სამხედრო 176 მფრინავის დაღუპვის შესახებ. „მფრინავებს შორის დანაკარგები განსაკუთრებით მტკივნეულია ჯარისთვის: პირველი კლასის სამხედრო პილოტის მომზადებას 7-8 წელი სჭირდება და დაახლოებით 3,4 მილიონი დოლარი ღირს“,– აღნიშნავენ ჟურნალისტები.
მათივე ცნობით, 11 აგვისტოსთვის დადასტურდა რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების დაახლოებით 2400 ოფიცრის სიკვდილი.
მათგან 284 არის ვიცე–პოლკოვნიკი ან უფრო მაღალი რანგის სამხედრო. ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ დღემდე ოფიციალურად დადასტურებულია ცნობები არმიის მეთაურის ორი მოადგილის გარდაცვალების შესახებ. საუბარია გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვეცკიზე 41-ე არმიიდან და გენერალ-მაიორი ვლადიმერ ფროლოვზე მე-8 არმიიდან.
ჯგუფის ცნობით, 2023 წლის ივლისში დადასტურდა პირველი გენერალ-ლეიტენანტის გარდაცვალება - ეს არის ოლეგ ცოკოვი, სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე.
ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირების მონაცემები ყველაზე არასრულია და შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვნად შეიცვალოს.


