Accentnews.ge
ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს მოსკოვში პირველად ასამართლებენ დაბომბვის შედეგად დანაკარგებისთვის

ორ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს მოსკოვში პირველად ასამართლებენ დაბომბვის შედეგად დანაკარგებისთვის

11/08/2023 08:25:33 მსოფლიო

მოსკოვის სასამართლო პირველად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს საბრძოლო მოვალეობის შესრულების წესების დარღვევის შესახებ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „რუსეთის ტერიტორიაზე უეცარი თავდასხმის“ მოგერიებისას,– იუწყება რუსული "კომერსანტი".

რუსული არმიის ორ უფროს ოფიცერს – პოლკოვნიკ ანატოლი ბონდარევს და მაიორ დიმიტრი დმიტრაკოვს ბრალად ედებათ 2022 წლის აპრილში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის რეგიონში მათი დანაყოფის დაბომბვის თავიდან ვერ აცილება.

იუწყებიან, რომ თავდასხმამ გამოიწვია შვიდი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა, კიდევ 43–ის დაშავება, 15 ერთეული სამხედრო ტექნიკის განადგურება და 30 ერთეულის დაზიანება – ჯამური ღირებულება 89 მილიონი რუბლი.

"კომერსანტის" ცნობით, გამოძიება ეფუძნებოდა 2022 წლის აპრილის მოვლენებს. მაშინ ბელგოროდის რაიონის სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად აფეთქებებისა და ხანძრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ დაადასტურა ცნობები საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის შესახებ დეტალების მითითების გარეშე.

მაიორი დმიტრაკოვი სამხედროების სიკვდილში დაადანაშაულეს და დააკავეს.

შემდეგ ბრალი დასდეს დანაყოფის ერთ-ერთ მეთაურს, პოლკოვნიკი ბონდარევს, რომელმაც, გამომძიებლების თქმით, არ მიადევნა თვალი მასზე დაქვემდებარებული პირების ქმედებებს დანაყოფის თავდაცვის ორგანიზებაში.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართება.

რუსეთი უკრაინასთან ომში დანაკარგებს არ ამხელს. მანამდე BBC-ის რუსულმა სამსახურმა და "მედიაზონის" მოხალისეთა გუნდმა ღია მონაცემებზე დაყრდნობით შეძლო უკრაინაში 29 000-ზე მეტი რუსი სამხედროს იდენტიფიცირება. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს „რუსული დანაკარგების მინიმალური შეფასებაა“, ხოლო რეალური რიცხვი შესაძლოა, მინიმუმ ორჯერ მეტი იყოს – ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, 55000 ადამიანი. ხოლო დანაკარგები მძიმედ დაჭრილების გათვალისწინებითაც, შეიძლება მინიმუმ, 247 ათასი ადამიანი იყოს.

10 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს, პირად შემადგენლობაში არსებული რეალური დანაკარგები დამალოს და ცხედრებს, ნაცვლად რუსეთში გადასვენებისა, კრძალავენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამ ცნობის მიხედვით, რუსებს, ხერსონის მიმართულებით სამხედროების ცხედრები ჯერ ხერსონის რეგიონის ჩაპლინკას რაიონული საავადმყოფოს მორგში გადააქვთ, შემდეგ კრძალავენ ორ ლოკაციაზე, მათგან ერთი 100 ჰექტრამდე ფართობზეა გაშლილი.

მელიტოპოლის მახლობლად, ზაპოროჟიეს რეგიონში, მალიარის თქმით, სატვირთო მანქანებით გადასვენებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების კრემაცია თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს ღია ადგილებში. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, გრძნობს პროცესისთვის დამახასიათებელ სფეციფიურ მძაფრ სუნს.

ამ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ამჟამად ვერ ხერხდება, თუმცა მობილური კრემატორიუმები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან მალევე დააფიქსირეს, ხოლო ხანგრძლივი დროით, თვეობითაც ღია სივრცის ქვეშ დატოვებული ცხედრების შესახებ, "აქცენტსაც" უამბობდნენ ქართველი მებრძოლები ბახმუტიდან. თავად რუსეთი დანაკარგების შესახებ არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S