დრონმა კვლავ გამოიწვია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის პარალიზება
11/08/2023 07:47:15 მსოფლიო
მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. ფრენები გადაიდო, ხოლო ზოგიერთი სხვა სხვა აეროპორტებში გადამისამართდა,– ამის შესახებ რუსული "კომერსანტი" ვნუკოვოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
რუსული სახელმწიფო მედიარესურსის "რია ნოვოსტის" ცნობით, ცა ჩაიკეტა უპილოტო საფრენი აპარატის გამო, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავს.
"აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვნუკოვომ შემოიღო დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე 9:40 საათიდან. უსაფრთხოების მიზნით, ფრენების ნაწილი გადამისამართდა მოსკოვის საავიაციო ჰაბის სხვა საჰაერო ნავსადგურებში“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
ვნუკოვოს მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვები 10 აგვისტოსაც დაწესდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს კალუგის რეგიონისა და მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში.


