Reuters: კრემლის მიერ Yandex-ის მფლობელებისთვის წართმევას „ტვინების გადინების“ შიში აფერხებს
11/08/2023 07:32:28 მსოფლიო
IT სექტორიდან „ტვინების გადინების“ შიში რუსეთს ჯერ–ჯერობით ხელს უშლის Yandex-ის ხელში ჩაგდებაში, – განუცხადა "როიტერს" ოთხმა წყარომ, რომლებიც ინფორმირებულნი არიან Yandex-თან დაკავშირებული გეგმების თაობაზე. კომპანიის ბედზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ მას შემდეგ, რაც Yandex–მა გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა კორპორატიული რესტრუქტურიზაციის გეგმები, რის შედეგადაც, რუსეთში მისი ძირითადი შემოსავლის მომტანი აქტივები უნდა გამოიყოს ნიდერლანდებში რეგისტრირებული მშობელი კომპანიისგან.
ბოლო თვეებში სულ უფრო ხშირად განიხილება კომპანიის ნაციონალიზაციის ვარიანტი - რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპანიის ექსპროპრიაცია უკვე მოახდინა ამ გზით. თუმცა, სახელმწიფოს მიერ "მტრულად ჩაყლაპვა" გამოიწვევს კადრების გადინებას, რაც შესაძლოა სერიოზული ზიანის მომტანის იყოს. სწორედ ეს უშლის ხელს ხელისუფლებას მსგავსი ხისტი ზომების მიღებაში,– აცხადებენ Reuters–ის წყაროები.
როგორც Reuters აღნიშნავს, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ Yandex-ის ბევრი თანამშრომელი (კომპანიას დაახლოებით 20 000 სპეციალისტი ჰყავს) საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის ფედერაციის ციფრული ტექნოლოგიების სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან რუსეთი 100 000-მდე IT სპეციალისტმა დატოვა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ Yandex-ის რესტრუქტურიზაცია 2024 წლის დასაწყისში მოხდება. მთავარი კომპანია Yandex N.V. რუსული ჯგუფის კაპიტალიდან გავა. კომპანიის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადება დირექტორთა საბჭოზე 2023 წლის ბოლომდე გაკეთდება. ის აქციონერებმა უნდა დაამტკიცონ. არსებობს რამდენიმე პოტენციური ინვესტორი, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები აქციების შეძენაზე,– წერს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ
Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა საჯაროდ პირველად დაგმო.
მან განაცხადა, რომ ეს „ბარბაროსობად მიაჩნდა და ამით შეძრწუნებულია“. ბიზნესმენმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებებში "თავისი პასუხისმგებლობის წილსაც" ხედავს.
2022 წლის ივნისიდან 59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაშია. ევროკავშირის ოფიციალურ ჩამონათვალში იგი აღწერილია, როგორც ბიზნესმენი, რომელიც მატერიალურად და ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.
ევროკავშირის ცნობით, Yandex პასუხისმგებელია სახელმწიფო მედიის პოპულარიზაციაზე და საძიებო სისტემაში კრემლის კრიტიკის გაქრობაზე.
უკრაინაში ომის შესახებ პოზიციაზე გამოცემა „მედუზასთვის“ მიწერილ წერილში ვოლოჟი ამბობს, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯეროდათ, რომ 'ახალ რუსეთს აშენებდნენ"
„დროთა განმავლობაში გასაგები გახდა, რომ რუსეთი არ ჩქარობს, გახდეს გლობალური სამყაროს ნაწილი, ამასთან იზრდებოდა ზეწოლა კომპანიაზე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, ახლა ესმის, რომ ამ პირობებში „რაღაცის სხვანაირად გაკეთებაც შეიძლებოდა“.
„2022 წლის თებერვალში მსოფლიო შეიცვალა და მივხვდი, რომ Yandex-სთან ჩემი ისტორია დასრულდა“, - განაცხადა ვოლოჟმა. მისი თქმით, ამის შემდეგ იგი იმ რუსი ინჟინრების მხარდაჭერაზე გადაერთო, რომლებმაც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს.
„ისინი დიდ სარგებელს მოუტანენ იმ ქვეყნებს, სადაც დარჩებიან“, - განაცხადა მილიარდერმა ბიზნესმენმა.
ვოლოჟი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, გავრცელებული ინფორმაციით, იგი Yandex-ისგან გამოყოფილ და დამოუკიდებლად არსებულ საერთაშორისო სერვისებთან ბიზნესის წამოწყებას აპირებს.
ვოლოჟი უმდიდრეს რუს ბიზნესმენებს შორის რიგით მეოთხეა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ დაგმო. მანამდე მსგავსი პოზიცია გამოხატეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ოლეგ ტინკოვმა და ანდრეი ბოროდინმა.


