"გარიგება" ჩავარდა: რუსეთში ჯანყი არ დასრულებულა

11-08-2023 10:33:31 ეს საინტერესოა

ვლადიმირ პუტინსა და ევგენი პრიგოჟინს შორის გარიგება, რის შედეგადაც რუსეთიდან "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში გადავიდნენ, შესაძლოა, ჩავარდა, – წერენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ისინი ყურადღებას ამახვილებენ ცნობებზე, რომ "ვაგნერელებმა" აგვისტოში ბელარუსის ტერიტორიის დატოვება და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება დაიწყეს. VChK-OGPU-ს თანახმად, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიას 500-600 კაციან მცირე ჯგუფები გადაჰყავს კრასნოდარის მხარეში, ვორონეჟსა და როსტოვის რეგიონებში. გადაყვანის მეორე ეტაპი 13 აგვისტოს შემდეგ დაიწყება. ოფიციალურად ამას "შვებულებას" უწოდებენ, მაგრამ ბელარუსში დაბრუნებაზე არავინ საუბრობს.

VChK-OGPU წყარო ირწმუნება, რომ "ვაგნერმა" წასვლა გადაწყვიტა, რადგან ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უარი თქვა მის დაფინანსებაზე, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთი არ დაფარავს "ვაგნერის" დაქირავებულების ბელარუსში ყოფნის ხარჯებს, როგორც ის ამას ელოდა.

"ვაგნერის" ინსტრუქტორების მცირე ჯგუფი დარჩება ბელარუსში სამხედრო წვრთნებისთვის. დანარჩენებს ევალებათ, დაბრუნდნენ რუსეთში და დარჩნენ კონტაქტზე შემდგომ შეტყობინებამდე.

6 აგვისტოს VChK-OGPU-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსში მყოფ "ვაგნერელებს" ლიბიაში მივლინება შესთავაზეს, ხოლო ვინც უარი თქვა, რუსეთში გაგზავნეს.

მეორე დღეს "ვაგნერთან" აფილირებულ გვერდზე გამოჩნდა ცნობა იმის სესახებ, რომ 12 000 დაქირავებული მებრძოლი იმყოფებოდა შვებულებაში რუსეთში, 7000 დარჩა ბელარუსში და დაახლოებით 1500 გაგზავნეს აფრიკის ქვეყნებში როტაციის ფარგლებში. "ვაგნერთან" ასოცირებულ კიდევ ერთ ტელეგრამ არხზე გაჩნდა ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს უკრაინაში მათი სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

ჩატებში, რომლებშიც "ვაგნერელების" ნათესავები ურთიერთობენ, 6 აგვისტოდან დაიწყეს წერა დაქირავებულთა შინ დაბრუნების შესახებ, – იტყობინება "ვაჟნიე ისტორიი". ისინი წერდნენ, რომ ბელარუსში მხოლოდ ინსტრუქტორები და აფრიკაში წასვლის მსურველები რჩებიან.

ამავდროულად, ანაზღაურებადი შვებულება ეძლევათ მხოლოდ მათ, რომელთა ხელშეკრულების ვადებიც ამოიწურა, დანარჩენებს გზავნიან "რეზერვში" საკუთარი ხარჯებით, ვიდრე მათ კვლავ შესთავაზებენ სამსახურში დაბრუნებას. ერთ-ერთი დაქირავებულის ოჯახის წევრმა თქვა, რომ მისმა ძმამ გადაწყვიტა, წასულიყო უხელფასო "შვებულებაში", რადგან არ მოსწონდა ბელარუსში "ვაგნერის" სტანდარტებით დაბალი ხელფასი - 100 ათასი რუბლი.

იმ "ვაგნერელებს", რომლებიც დათანხმდნენ აფრიკაში "მივლინებას", უჩვენებ რუსეთში, რათა მათ პასპორტების გაკეთება შეძლონ, – დაადასტურა ჩატის რამდენიმე მონაწილემ.

თუმცა, ამ მიმართულებითაც არის პრობლემები. როგორც "კანალ ვიზიონერა" წერს, „აფრიკასაც ართმევენ პრიგოჟინს და გადასცემენ [რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი] შოიგუს. კონტინენტზე "ვაგნერის" საქმიანობის გაფართოება არ შეიმჩნევა, მიუხედავად გადატრიალებისა და სიტუაციის გამწვავებისა ნიგერში", აღნიშნავს არხის ავტორი და დასძენს, რომ შოიგუმ, სავარაუდოდ, დაიწყო 1000–კაციანი 12 დანაყოფის ფორმირება აფრიკაში გადასასროლად.

გარდა ამისა, ამ მიმართულებაზე პრეტენზიას აცხადებს როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აფრიკაში პრიგოჟინის ჯგუფის ყველა კონტრაქტი კერძო სამხედრო კომპანია "კონვოისა" და მისი გენდირექტორ კონსტანტინე პიკალოვისთვის გადაცემა შესთავაზა.

ISW-ს ანალიტიკოსების აზრით, პრიგოჟინის „გარიგება“ პუტინთან, რამაც "ვაგნერს" აჯანყების შემდეგ საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცა, იშლება: კრემლის ლიდერი კვლავ შეშფოთებულია საფრთხეებით, რომელთაც პრიგოჟინი უქმნის მის გრძელვადიან მიზნებს, ცდილობს, გაანადგუროს ბიზნესმენი, გააჩინოს მკაფიო უთანხმოება "ვაგნერსა" და მის დამფუძნებელს შორის.

ამავდროულად, აფრიკაში შოიგუს ჩარევამ და იქიდან "ვაგნერელების" გამოძევებამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა და პირადი შემადგენლობა აღაშფოთა. ეს „ძირის გამოთხრით ემუქრება შიდა უსაფრთხოების დახვეწილ ფასადს, რომლის შექმნასაც პუტინი აქტიურად ცდილობდა აჯანყების შემდეგ“, – აჯამებს ISW.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები