Yandex-ის დამფუძნებელი უკრაინაში ომს გმობს
10/08/2023 19:04:24 მსოფლიო
Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა საჯაროდ პირველად დაგმო.
მან განაცხადა, რომ ეს „ბარბაროსობად მიაჩნდა და ამით შეძრწუნებულია“. ბიზნესმენმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებებში "თავისი პასუხისმგებლობის წილსაც" ხედავს.
2022 წლის ივნისიდან 59 წლის ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაშია. ევროკავშირის ოფიციალურ ჩამონათვალში იგი აღწერილია, როგორც ბიზნესმენი, რომელიც მატერიალურად და ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას და პასუხისმგებელია ქმედებებზე ან პოლიტიკაზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.
ევროკავშირის ცნობით, Yandex პასუხისმგებელია სახელმწიფო მედიის პოპულარიზაციაზე და საძიებო სისტემაში კრემლის კრიტიკის გაქრობაზე.
უკრაინაში ომის შესახებ პოზიციაზე გამოცემა „მედუზასთვის“ მიწერილ წერილში ვოლოჟი ამბობს, რომ Yandex-ის შემქმნელებს სჯეროდათ, რომ 'ახალ რუსეთს აშენებდნენ"
„დროთა განმავლობაში გასაგები გახდა, რომ რუსეთი არ ჩქარობს, გახდეს გლობალური სამყაროს ნაწილი, ამასთან იზრდებოდა ზეწოლა კომპანიაზე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, ახლა ესმის, რომ ამ პირობებში „რაღაცის სხვანაირად გაკეთებაც შეიძლებოდა“.
„2022 წლის თებერვალში მსოფლიო შეიცვალა და მივხვდი, რომ Yandex-სთან ჩემი ისტორია დასრულდა“, - განაცხადა ვოლოჟმა. მისი თქმით, ამის შემდეგ იგი იმ რუსი ინჟინრების მხარდაჭერაზე გადაერთო, რომლებმაც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს.
„ისინი დიდ სარგებელს მოუტანენ იმ ქვეყნებს, სადაც დარჩებიან“, - განაცხადა მილიარდერმა ბიზნესმენმა.
ვოლოჟი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, გავრცელებული ინფორმაციით, იგი Yandex-ისგან გამოყოფილ და დამოუკიდებლად არსებულ საერთაშორისო სერვისებთან ბიზნესის წამოწყებას აპირებს.
ვოლოჟი უმდიდრეს რუს ბიზნესმენებს შორის რიგით მეოთხეა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ დაგმო. მანამდე მსგავსი პოზიცია გამოხატეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, ოლეგ ტინკოვმა და ანდრეი ბოროდინმა.


