უკრაინის თავდაცვამ რუსული არმიის მძიმე დანაკარგების შესახებ განაცხადა: "ცხედრებს ჩაპლინკაში მარხავენ, კრემაცია ინტენსიურად მიმდინარეობს"
10/08/2023 13:50:07 მსოფლიო
რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს, პირად შემადგენლობაში არსებული რეალური დანაკარგები დამალოს და ცხედრებს, ნაცვლად რუსეთში გადასვენებისა, კრძალავენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – იუწყება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.
ამ ცნობის მიხედვით, რუსებს, ხერსონის მიმართულებით სამხედროების ცხედრები ჯერ ხერსონის რეგიონის ჩაპლინკას რაიონული საავადმყოფოს მორგში გადააქვთ, შემდეგ კრძალავენ ორ ლოკაციაზე, მათგან ერთი 100 ჰექტრამდე ფართობზეა გაშლილი.
მელიტოპოლის მახლობლად, ზაპოროჟიეს რეგიონში, მალიარის თქმით, სატვირთო მანქანებით გადასვენებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების კრემაცია თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს ღია ადგილებში. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, გრძნობს პროცესისთვის დამახასიათებელ სფეციფიურ მძაფრ სუნს.
ამ ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება ამჟამად ვერ ხერხდება, თუმცა მობილური კრემატორიუმები ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან მალევე დააფიქსირეს, ხოლო ხანგრძლივი დროით, თვეობითაც ღია სივრცის ქვეშ დატოვებული ცხედრების შესახებ, "აქცენტსაც" უამბობდნენ ქართველი მებრძოლები ბახმუტიდან. თავად რუსეთი დანაკარგების შესახებ არ საუბრობს.
მანამდე BBC-ის რუსულმა სამსახურმა და "მედიაზონის" მოხალისეთა გუნდმა ღია მონაცემებზე დაყრდნობით შეძლო უკრაინაში 29 000-ზე მეტი რუსი სამხედროს იდენტიფიცირება. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს „რუსული დანაკარგების მინიმალური შეფასებაა“, ხოლო რეალური რიცხვი შესაძლოა, მინიმუმ ორჯერ მეტი იყოს – ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, 55000 ადამიანი. ხოლო დანაკარგები მძიმედ დაჭრილების გათვალისწინებითაც, შეიძლება მინიმუმ, 247 ათასი ადამიანი იყოს.


