
მღებრიშვილი: „ძებნა გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ“
10/08/2023 08:52:52 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ მაშველები გარდაცვლილთა ცხედრებს ან მათ ფრაგმენტებს იპოვიან.
„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება, კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი ან რაიმე სახის ფრაგმენტი",– განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.