
მღებრიშვილი: არსებობს დაავადებების რისკი, რის გამოც მეხანძრე-მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ
10/08/2023 08:43:57 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის ზონაში არსებობს დაავადებების რისკი, რის გამოც მეხანძრე-მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ. როგორც მღებრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს მსგავს სიტუაციებში გამოწვევა არის.
„ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა მსგავს სიტუაციებში და არ არის ახალი. შესაბამისად, უსაფრთხოების ყველანაირ ზომებს ვიღებთ, რომ თუკი მსგავსი დაფიქსირდება, ამისთვის მზად ვიყოთ და ასევე, დაცულები. კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც გარკვეული მინიშნებებია აღმოჩენილი, ფრაგმენტები და ასე შემდეგ, ჩვენი მეხანძრე-მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ“,- განაცხადა მღებრიშვილმა ბრიფინგზე.
მისი ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოვში დაღუპული 21 მოქალაქიდან 19 იდენტიფიცირებულია, 12 მოქალაქის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.